tbilisibusinesshub

სიახლეები

მედიაცია, დავის გადაწყვეტის იაფი და ალტერნატიული გზა

27 თებ 2017
 

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ „თბილისი ბიზნეს ჰაბი“ მთლიანად ორიენტირებულია საქმიან ადამიანებებსა და  მათ მოთხოვნებზე. მომსახურება რომელსაც აქ მიიღებთ საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად დაზოგოთ არა მარტო ფული, არამედ დროც, რაც მნიშვნელოვან დეფიციტს წარმოადგენს თანამედროვე ადამიანისთვის. სერვისებს შორის, რომელსაც კომპანია გთავაზობთ არის მედიაცია, რაც მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით დავის გადაწყვეტის ყველაზე იაფი და სწრაფი გზაა. აქედან გამომდინარე დავინტერესდით მედიაციით და მასზე განმარტება ვთხოვეთ ჰაბის იურისტს შორენა ჭუმბურიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღესდღეობით მედიაცია კონფლიქტების გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, შეიძლება ითქვას რომ საქართველოში მან ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი,  რასაც მოწმობს ის მცირე პრაქტიკა რაც ამ დროისთვის  მედიაციის კუთხით გაგვაჩნია. აღნიშნული მით უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც უნიკალურია იმ მხრივ რომ გააჩნდა სასამართლო პროცესებისა და სასამართლოების უძველესი ფორმები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამედიატორო სასამართლოს, რომელიც საპროცესო მოქმედებებს ჩვეულებითი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ახორციელებდა.

ყველაზე ხშირად მას საქართველოს მთიან ნაწილში მიმართავდნენ და იგი სინდისის, პატიოსნების, სიბრძნისა და საკმაოდ მაღალი იურიდიული აზროვნების გამოვლინებას წარმოადგენდა. სამედიატორო სასამართლოს დანიშნულება იმთავითვე  კონფლიქტის და შურისძიების თავიდან აცილება იყო, რაც მხარეთა შეთანხმებით და შერიგებით უნდა დასრულებულიყო. მისი გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი და სამართლიანი უნდა ყოფილიყო, სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ  მოდავე მხარეები სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას მას ანდობდნენ .

როგორც უკვე ავღნიშნე, დღეს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი სწორედ მედიაციის მეშვეობით წყდება. სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა დავის 80 პროცენტი, სადაც მედიაცია არის ჩართული მხარეთა სრული შეთანხმებით სრულდება, და ამასთან ის გაცილებით ნაკლებ დროსა და ფინანსურ რესურს მოითხოვს. სწორედ ამ აღნიშნულიდან გამომდინარე გახდა ის განვითარებულ ქვეყნებში სამართლებრივი სისტემისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო დავების 40-50% მედიაციით გვარდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი  სასამართლომდე სამოქალაქო დავების მხოლოდ 5% აღწევს.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საქართველოშიც შეიმჩნევა ამ მხრივ გარკვეული ძვრები და იმ ისტორიული წარსულის აღდგენა, რომლითაც ასე მდიდარია ქართული კულტურა. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან არბიტრაჟის შესახებ ახალი  კანონის ამოქმედება, რომელიც მცირე მნიშვნელობის ხარვეზების მიუხედავად, ძირითადად შეესაბამება ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს და 2011 წლის 20 დეკემბერს საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილები, რომლითაც  შემოღებულ იქნა სასამართლო მედიაცია.

საერთოდ საერთაშორისო დოქტრინებსა და პრაქტიკაში მედიაციის სასამართლო და არასასამართლო ფორმები არსებობს. ჩვენმა ეროვნულმა კანონმდებლობამ ორივე ფორმის არსებობა დაუშვა: სასამრთლო მედიაციისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების თანახმად, თავად სასამართლო აძლევს საქმის მედიაციის გზით განხილვის რეკომენდაციას, მედიატორი ინიშნება სასამართლოს მიერ. სარჩელი თავდაპირველად სასამართლოში აღიძრება. სარჩელის სასამართლოში  წარდგენის  შემდეგ, სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით, ხოლო არასასამართლო მედიაცისას, მედიაციის პროცესი სასამართლოს გარეთ ხდება, მხარეები თავად თანხმდებიან მედიაციის გზით მოაგვარონ სადავო ურთერთობა და ამისათვის შეარჩიონ უფლებამოსილი პირი. ამ შემთხვევაში დავა უკვე წარმოშობილია, მხარეებს ამოძრავებთ მხოლოდ  დავის მოგვარების სურვილი და არა დავის სამართლებრივი გადაწყვეტა. ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონში  შეტანილი ცვლილებების  მიხედვით ასეთი უფელებამოსილი პირი, მხარეთა სურვილის შემთხვევაში, შეიძლება იყოს  ნოტარიუსი, რომელიც იქნება ,,მედიატორი მოდავე მხარეთა შორის’’.

მიმაჩნია, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო მაინც სანოტარო მედიაციაა – როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ახალი ფორმის დანერგვით ეროვნულ კანონმდებლობაში განმტკიცებულია იდეა, მხარეთა თანასწორობის საწყისებზე დაფუძნებული მედიაციის პროცესის შესახებ. ამ დროს მოქმედებს პრინციპი “ყველა თანასწორია”. ნოტარიუსს არ ეკისრება ვალდებულება დავის სამართლებრივ შინაარსში გაარკვიოს მხარეები, მისცეს რჩევები და მიუთითოს შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე. მხარეთა შორის მოქმედი ნებაყოფლობითობის პრინციპი უფრო მაღალ კატეგორიად არის მიჩნეული, რაც ვლინდება მხარეების არჩევანში მორიგებით დაასრულონ დავა. ამ უკანასკნელს უფრო მეტი უპირატესობას ენიჭება, ვიდრე დავის სამართლებრივ გადაწყვეტას, ამიტომ შესაძლო მორიგების აქტით გამოწვეული არასასურველი სამართლებრივი სანქციების რისკების მატარებელი თავად მხარეები ხდებიან.

ზოგადად ევროპული დოქტრინაც იგივე იდეას ეფუძნება, როდესაც მედიაციას განმარტავს როგორც მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებულ პროცედურას, ხოლო პროცესის დასრულების შედეგები, მხარეთა თვითპასუხისმგებლობაზე გადააქვს, რაც ვლინდება მხარეების არჩევანში – მორიგებით დაასრულონ დავა.

საინტერესოა თითონ მედიაციის პროცესის ლიბერალიზაცია, ფაქტიური თავისუფლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის არ ექცევა ჩვეულებრივ მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში. რას ნიშნავს საკანონმდებლო ჩარჩოდან გასვლა? საქმე იმაშია, რომ  მედიაციის პროცესი არ არის სამართალწარმოება, მითუმეტეს – სასამართლო წარმოება, სადაც გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე მიიღება. ის, როგორც უკვე ავღნიშნე ძირითადად შედეგზეა ორიენტირებული – ე. წ. დავის მოგვარებისკენ, როდესაც მხარეებს არ აინტერესებთ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და მთლიანად საკუთარი შეხედულებებზე არიან დამოკიდებული, რაც დაწესებულ ნორმებს შორის ლავირების გაცილებით მეტ საშუალებას იძლევა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის მომენტიც, რომ მედიატორს უფლება აქვს უარი თქვას მორიგების აქტის გაცემაზე, თუ მხარეთა შეთანხმება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, რაც თავისთავად გამორიცხავს, მიუხედავად საკანონმდებლო ჩარჩოდან გასვლისა, რომელიმე მხარის ინტერესების შელახვის შესაძლებლობას.

აქვე უნდა დავამატო, რომ სანოტარო მედიაციის კიდევ ერთ პლიუსს წარმოადგენს ის, რომ მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემდგარი მორიგების აქტი დასტურდება სანოტარო წესით, ხოლო ამ აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით  გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც დამატებით აღარ საჭიროებს ხანგრძლივ სასამართლო პროცესს, რომელიც ზოგჯერ ფაქტია დაუსრულებელ სახეს იღებს.

რა თქმა უნდა მედიაციის პროცესში გამჟღავნებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გახმაურება არ დაიშვება მედიაციის პროცესის მონაწილეთა მხრიდან. ზოგ ქვეყნებში ამ ვალდებულების დარღვევის გამო ფულადი სანქციებიც კი  არის დაწესებული. ასეთ საკითხებზე მედიატორის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.

სამართლისა და სამართლის ფუნქცია ადამიანებს შორის არსებული კონფლიქტის იმ წესების მიხედვით გადაწყვეტაა, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის წინასწარ არის აღიარებული და დადგენილი. მართლმსაჯულების განმახორციელებელი კონსტიტუციით გარანტირებული ინსტიტუტი – სასამართლო არ არის მხარეთა სამართლებრივი მოგვარების ერთადერთი და მით უმეტეს საუკეთესო საშუალება.

დავების ალტერნატიული გადაწყვეტა მოიცავს ნებისმიერ ფორმას სასამართლო პროცესის გარდა. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა გულისხმობს კერძოსამართლებრივი დავების ზრდას. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სასამართლო და იურიდიულ მომსახურებათა ხარჯების ზრდა სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის თუ ტრადიციის მქონე მართლწესრიგს აიძულებს, ეძებოს უფრო იაფი და ეფექტური საშუალება, რაც ერთი მხრივ, მართლმსაჯულებას განტვირთავს, მეორეს მხრივ კი არსებული დავების რეალურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

მედიაცია სწორედ ის მექანიზმია, რომელსაც სამოქალაქო მართლმსაჯულებისათვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლია, თუ მისი სამართლებრივი რეგულირება და გამოყენების პრაქტიკა  მსოფლიოს პროგრესულ ნაწილში არსებულ გამოცდილებასა და სტანდარტებს დაუახლოვდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მყარ საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ გაცილებით ეფექტურია მხარეებს შორის დავას ისეთი დარგის სპეციალისტები აგვარებდნენ, როგორიცაა ადვოკატი, აუდიტორი, ან სხვა პროფესიის მქონე პირი და რომლის ცოდნაც უფრო ახლოს დგას დავის საგანთან. მით უმეტეს თუ ამ ადამიანების მომსახურების მიღება გუნდურობის პრინციპითაც არის შესაძლებლი, სადაც ყველა დარგის პროფესიონალი ერთად მონაწილეობს, ეს კიდევ უფრო მოქნილსა და სასურველს გახდის მედიაციის ინსტიტუტს, როგორც დავის გადაწყვეტის ყველაზე იაფ და საუკეთესო ალტერნატიულ გზას.

დაბეჭდილია "ბანკები და ფინანსების" მიერ (№496, 27 თებერვალი)