tbilisibusinesshub

სიახლეები

ახალი შესაძლებლობები სახელმწიფო შესყიდვებში

21 თებ 2017

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენების და კომპანია თბილისი ბიზნეს ჰაბის” აღნიშნულ პროცესში ჩართულობის შესახებ, კომპანიის იურისტი შორენა ჭუმბურიძე საუბრობს:

თბილისი ბიზნეს ჰაბის“ ერთ-ერთ სერვისს, რომელსაც ის პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მხარდაჭერა წარმოადგენს იმ კომპანიებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საამისოდ საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი, თავისი გამჭვირვალობითა და მაღალი კონკურენტული გარემოს საშუალებით,  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოტივაციას უზრდის უფრო ინტენსიურად მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერში, ბევრი ბიზნეს სუბიექტი მაინც რჩება შემოსავლების გაზრდისა და კომპანიის განვითარების ამ საუკეთესო შანსის მიღმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შესყიდვების სისტემაში მოქმედი კომპანიების მხოლოდ 18%-ია დარეგისტრირებული. უფრო მეტიც, დარეგისტრირებული კომპანიების 37%-ს არასოდეს მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. განსაკუთრებით პრობლემურია მშენებლობის, ინჟინერიის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ავეჯის და საკვები და სასმელი პროდუქტებით მომარაგების სფეროებში გამოცხადებული ტენდერები, სადაც კომპანიების მონაწილეობა საგრძნობლად დაბალია. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, სტატისტიკური მონაცემების ასეთი დაბალი მაჩვენებელი, სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია პოტენციური მიმწოდებლების არასაკმარისი ადამიანური რესურსით და ნაკლები ინფორმირებულობით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

შესყიდვების სისტემის თავისებურებები

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის დადებითი შეფასება  მოიპოვა. ცხადია, ამ რეფორმების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე პროცესად იქცა.  საერთოდ, კორუფციის შედეგად, სახელმწიფო თანხების არაგონივრული ხარჯვა და შესყიდვების სფეროში საქმიანობის ხარვეზები დღემდე მთელი მსოფლიოს წინაშე გამოწვევად რჩება.  განსაკუთრებით, ისეთი წარსულის მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.  ამ პრობლემის მოგვარებისა და შესყიდვების სისტემის ეფექტურობის გასაზრდელად, საქართველოში ეტაპობრივი რეფორმების კვალდაკვალ,  2010 წლის ბოლოს მისი რადიკალური მოდერნიზება განხორციელდა. გაუქმდა ე.წ. „ქაღალდის ტენდერები“ და  ქვეყანა მთლიანად ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა. აღნიშნულმა რეფორმამ საქართველოს შესყიდვების სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე გახადა, რის საბოლოო მიზანსაც მხოლოდ კორუფციის რისკის მინიმუმამდე დაყვანა კი არ წარმოადგენდა, არამედ ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, რაც შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის მეწარმისთვის ერთნაირად ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას გულისხმობს.

თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის მთლიანი შიდა ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მისი წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ზე მოდის. საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის მომსახურებასა და საქონელს იძენენ. მაგალითად, სამშენებლო (სამოქალაქო, სპეციალური ობიექტების, გზის, მილსადენების, საირიგაციო) სამუშაოები, ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, საწვავი, საოფისე ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ავეჯი, საკვები, ტანსაცმელი და სხვა სპეციფიკური დანიშნულების საქონელი და მომსახურება. აქედან გამომდინარე, შესყიდვების გამჭვირვალე, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარება ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის პირდაპირ პროპორციული ქმედებაა. შესყიდვების მონაწილეთა მიმართ, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა კერძო სექტორს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას მიიღონ სახელმწიფო კონტრაქტები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ამას გამჭირვალე სისტემის საშუალებით სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვასაც თუ დავუმატებთ, ცხადი გახდება რომ სისტემის სრულყოფა საქართველოს მთავრობის წინაშე მდგომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების ტიპები საქართველოში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად,  რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეტაპობრივად მიეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე მუხლში ჩამოთვლილია სფეროები, რომლებიც უნდა მოეცვა საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, მათ შორის არის სახელმწიფო შესყიდვებიც.

ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი მარეგულირებელი აქტია საქართველოს კანონი  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას, საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის და მათ დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების ბიუჯეტის სახსრებით.

აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ბოლო პერიოდამდე საქართველოში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ხუთი განსხვავებული გზა არსებობდა: გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი. უკანასკნელ პერიოდში კი შესყიდვების ამ ტიპებს დაემატა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე და ორეტაპიანი ტენდერი. ასევე არსებობს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, საგრანტო კონკურსი და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დონორის სახსრებით.

როგორც წესი, მეთოდის შერჩევა ძირითადად დამოკიდებულია შესყიდვის ობიექტის ღირებულებასა და მის თავისებურებაზე. შესყიდვის თითოეულ ტიპს, პროცედურის განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია. გამარტივებული შესყიდვისას შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, რომ შესყიდვა განახორციელოს პირდაპირი გზით, ანუ ტენდერის ჩატარების გარეშე, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციის სრულ დამოუკიდებლობას შესყიდვის განხორციელებისას. მით უმეტეს, ორი წლის წინ კანონში შესული ცვლილების თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას ესაჭიროება შესყიდვების სააგენტოს ნებართვა გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, გარდა მონეტარული ზღვრის დაცვით განხორციელებული შესყიდვისა.  გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერსა და ელექტრონულ ტენდერს შორის კი ძირითადი განსხვავება მათ ხანგრძლივობაშია და მათი გამოცხადება დამოკიდებულია წლის განმავლობაში ერთგვაროვანი შესასყიდი ობიექტების სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე.

კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მათ მიერ ჩატარებული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის საფუძველზე ტარდება, რის შედეგადაც ხდება იმ ობიექტების იდენტიფიცირება, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული სახით გამართლებული იქნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით.

ტენდერის მითითებული მეთოდები ძირითადად დაბალ ფასზეა ორიენტირებული. ანუ, გაიმარჯვებს ის მიმწოდებელი, რომელიც ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ საქონელსა თუ მომსახურებას უფრო დაბალ ფასად შესთავაზებს შემსყიდველ ორგანიზაციას.  ამ მხრივ,  კონკურსი განსხვავებულად რეგულირდება, რაც განპირობებულია მისი შესყიდვის ობიექტის სპეციფიკური ბუნებით. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხარისხს და შეთავაზების მაქსიმალურად მორგებას შემსყიდველის მოთხოვნებთან, თუმცა მისი გამოყენებით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეისყიდოს მხოლოდ საპროექტო ან/და სახარჯთაღრიცხვო მომსახურება (მაგ., არქიტექტურული და საინჟინრო გეგმები ან პროექტები).

ორეტაპიანი ტენდერების პერსპექტივა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედარებით სიახლეს წარმოადგენს ორეტაპიანი ტენდერი, რომელიც 2016 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. ის მანამდე არსებული ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში პრეტენდენტთა რანჟირების განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღარ იქნება მხოლოდ სატენდერო წინადადების ფასი, არამედ საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა მოხდება ხარისხისა და ფასის ერთობლივი გათვალისწინებით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია მისი საჭიროებიდან და კონკრეტული შესყიდვის მიზნიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვროს სხვადასხვა თვლადი კრიტერიუმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დაბალ ფასად შეისყიდოს საუკეთესო ხარისხის მქონე შესყიდვის ობიექტი.

ორეტაპიანი ტენდერების მოდული სრულად ავტომატიზებულია. როგორც შემსყიდველი  ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები, ასევე, პრეტენდენტის შეთავაზებაც სისტემის შესაბამის ველში მიეთითება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემამ ავტომატურად, მასში გენერირებული სატენდერო პირობებით დადგენილი კრიტერიუმებისა და მათი წონების გათვალისწინებით, განახორციელოს პრეტენდენტების რანჟირება და, შესაბამისად, გამოავლინოს საუკეთესო სატენდერო წინადადება.

ყველაზე მიმზიდველი ორეტაპიანი ტენდერის შემთხვევაში არის ის ფაქტი, რომ ერთი როგორც უკვე ვთქვით, წინადადების შეფასება არ ხდება მხოლოდ ფასის მიხედვით და მეორე, ვაჭრობა მიმდინარეობს დაფარულად, რაც  ბიზნეს სუბიექტებს თავიდან აცილებს ე.წ. „ცდუნებას“ ნებისმიერ ფასად მოიპოვონ გამარჯვება. როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ხშირად პრეტენდენტებს ტენდერის მოგების სურვილით, იმდენად შეუმცირებიათ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება, რომ შემდეგ ან ვეღარ შეძლეს ამ ფასად მიწოდების განხორციელება, ან შეძლეს, მაგრამ იმდენად უხარისხოდ, რომ საბოლოოდ მათი ტენდერში მონაწილეობა „შავ სიაში“ მოხვედრით დასრულებულა, რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჩამოცილებას ნიშნავს ცუდი რეპუტაციის გამო. შედეგად, სახელმწიფოსთან ერთად ზარალდებიან ის კომპანიები, რომლებიც რეალური ფასებით და უკეთესი ხარისხით ცდილობდნენ ბაზარზე შემოსვლას და საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

კონკურენცია შესყიდვებში

ზოგადად, სახელწიფო შესყიდვების განხორციელება ტენდერის საშუალებით, უზრუნველყოფს მზარდ კონკურენციას, რაც სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პოტენციური მიმწოდებლების ინტერესებსაც ემსახურება. მათ ეძლევათ საშუალება დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მიიღონ სტაბილური და ძვირადღირებული შეკვეთები.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, რიგ კომპანიებს, მიუხედავად მათი წარმატებისა კერძო ბაზარზე, არ ყოფნით სათანადო ადამიანური რესურსი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისთვის. სავარაუდოდ, ამავე მიზეზიდან გამომდინარეობს ინფორმაციის ნაკლებობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. იმისთვის, რომ ტენდერში მონაწილეობა წარმატებული და მომგებიანი იყოს კომპანიისთვის, აუცილებელია პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის კადრი, რომელიც კარგად ერკვევა საქართველოში არსებულ შესყიდვების სისტემის სპეციფიკაში და, ასევე, კარგად იცნობს  შესაბამის კანონმდებლობას.

„თბილისი ბიზნეს ჰაბის“ მიზანიც სწორედ ეს არის,  დააკმაყოფილოს და გააუმჯობესოს კერძო სექტორის წარმომადგენლების მომსახურება და გამოცდილი გუნდის საშუალებით, მხარი დაუჭიროს იმ კომპანიებს, რომელთაც სახელმწიფო შესყიდვის ბაზარზე დამკვიდრების ინტერესი გააჩნიათ. ასევე, დაეხმაროს მათ თავი გაართვან სახელმწიფო შესყიდვების პროცესში წარმოშობილ სირთულეებს. ამის საშუალებას კი ტენდერში მონაწილე კომპანიების საჭიროებების და მიზნების ზედმიწევნით გააზრება და  ტენდერის პროცედურებისა და მისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა იძლევა.

დაბეჭდილია "ბანკები და ფინანსების" მიერ (№495, 20 თებერვალი).