tbilisibusinesshub

სიახლეები

კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის რეფორმა საქართველოში

11 აპრ 2017
tax-planning

 

2014 წელს მოგების გადასახადი საგადასახადო შემოსავლების 11.5%-ს და მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%-ს შეადგენდა.
სსკ 2017 წლის 1 იანვრამდე რედაქცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. მოგების გადასახადი ფიქსირებულია და 15%-ს შეადგენს, ხოლო საგადასახადო პერიოდია კალენდარული წელი.
ქართული კომპანიები იხდიან მოგების გადასახადს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებიით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით. არარეზიდენტი კომპანიები იხდიან გადასახადს მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას (საგადასახადო ბაზას) გამოითვლება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFღშ) საფუძველზე და მოდიფიცირდება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისგან. კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, ისევე როგორც აუდიტორი, კარგად უნდა ერკვეოდეს ფინანსური აღრიცხვის სისტემაში და მოგების გადასახადის გაანგარიშების პრინციპებში. აღრიცხვის პროცესის სირთულე დამოკიდებულია გადასახადის გადამხდელის ტრანზაქციების ზომისა და ოპერაციების სირთულის გათვალისწინებით მოგების გადასახადის დეკლარაციისთვის სახსრების რელევანტურობა ძირითადად დამოკიდებულია დეკლარაციის ფორმებზე და საგადასახადო ორგანოების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე. მსოფლიო ბანკის 2015 წლის “DOING BUSINESS”-ის მონაცემებით, ესტონეთში გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად 20 საათი სჭირდებათ მოგების გადასახადის დეკლარაციების შესავსებად. ირლანდიაში საშუალოდ 12 საათი, ნორვეგიაში 15 საათი, ხოლო ლიტვაში 28 საათი. საქართველოში მოგების გადასახადის დეკლარაციის შესავსებად საჭირო საშუალო დრო შეადგენს 191 საათს.
მოგების გადასახადის ახალი მოდელი საგადასახადო

შეღავათები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულატორია. არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევების მოგვარების მიზნით, 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა გადასახადი გაუნაწილებელ მოგებაზე. ამ ტიპის რეფორმა ესტონეთში 2000 წელს გატარდა და საკმაოდ წარმატებული ეკონომიკური შედეგები მოიტანა.
ახალი რეგულაციის თანახმად მოგების გადასახადი ვრცელდება განაწილებული მოგებაზე. გაუნაწილებელი, რეინვესტირებული მოგება არ დაექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას 2017 წლის იანვრიდან. ახალი საგადასახადო რეჟიმის შემოღების შემდეგ მიიჩნევა, რომ საბიუჯეტო შემოსავლები 400-600 მლნ ლარით შემცირდება. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოხდება დანაკლისის კომპენსირება -შემოიღებს თუ არა მთავრობა ახალ გადასახადებს, ან გაზრდის თუ არა საგადასახადო განაკვეთებს არსებულ გადასახადებზე, ან შეამცირებს თუ არა საბიუჯეტო ხარჯებს.
მოგების გადასახადის რეფორმის ზოგადი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირება კომპანიების გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის განულების გზით. განსაკუთრებული მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა, კომპანიების მდგრადობის გააუმჯობესება ეკონომიკურ კრიზისში და მშპ-ის ზრდის გაუმჯობესება.
რეფორმის გავლენა საგადასახადო შემოსავლებზე

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შეფასებით, მოგების გადასახადის ახალი მოდელი გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს. კაპიტალი გაიზრდება 3.23% -ით 1.5 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ წმინდა ინვესტიციები გაიზრდება.

ეკონომიკური სუბიექტები უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებენ, ვიდრე ახორციელებდნენ. რეალური მშპ გაიზრდება 1.44% -ით დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში. კერძო მოხმარების საერთო მოცულობა გაიზრდება 0.85% -ით დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში. რეფორმა გამოიწვევს მთავრობის ყოველწლიური ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას მაქსიმუმ 3%-ით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ შემცირდება, რაც გულისხმობს, რომ დივიდენდები რომლებიც გადიოდა ქვეყნიდან, დარჩება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ზემოქმედების წყალობით.
მთლიანობაში, განვითარების შესაბამისი სტრატეგიები დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე. ეს არ ხდება იმის გამო, რომ ეკონომიკა სხვაგვარად მუშაობს სხვადასხვა პირობბეში, არამედ იმიტომ, რომ გარემო, სადაც შინამეურნეობები, კომპანიები და ინვესტორები ოპერირებენ, განსხვავდება შესაძლებლობებისა და შეზღუდვების მიხედვით.
მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოში დადებით მაკროეკონომიკურ შედეგს გამოიწვევს. უფრო მეტიც, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშნება, საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა და, შესაბამისად, ეს რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბიძგი ეკონომიკის ზრდისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმას ძლიერი საინვესტიციო ეფექტი აქვს, სხვა ცვლილებებმა ეკონომიკაში, მაგალითად, გაურკვევლობამ ან ინსტიტუციონალურმა არასტაბილურობამ, შეიძლება შეაყოვნოს რეფორმის შედეგად შექმნილი სტიმულირების მექანიზმები.
გარდა ამისა, რეფორმის განხორციელების მეთოდი და თუ როგორ მოხდება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შემუშავება აშკარად იქონიებს გავლენას რეფორმის შედეგებზე. ეს ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და სათანადოდ იყოს შეფასებული.
მაკროეკონომიკურ სარგებლობასთან ერთად ახალი მოდელის საქართველოში განხორციელებას შეიძლება თან ახლდეს გარკვეული რისკები, რაც დამატებით უნდა იქნეს განხილული.
ამჟამად მხოლოდ ბანკები და მსხვილი კომპანიები იყენებენ IFRS-ის ფინანსურ აღრიცხვას/ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო მცირე კომპანიები ახორციელებენ მარტივ აღრიცხვას. დივიდენდის მართებულად გაანგარიშება შესაძლებელია IFRS-ის მიხედვით. IFRS-ით აღრიცხვის წარმოება ნიშნავს გაზრდილ ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. მოგების გადასახადის ახალ მოდელთან ადაპტირებას გარკვეული დრო დასჭირდება გადასახადის გადამხდელთათვის.

 

გიორგი ყაველაშვილი,
აუდიტორული კომპანია შპს “ალტიდო”-ს მმართველი პარტნიორი – თბილისი ბიზნეს ჰაბის ექსკლუზიური პარტნიორი.

დაბეჭდილია "ბანკები და ფინანსების" მიერ (№ 501 ,19 აპრილი)