tbilisibusinesshub

სიახლეები

2017 წლის ტენდენციები ინტერიერის არქიტექტურასა და დიზაინში

13 მარ 2017

2017 წლის ტენდენციები ინტერიერის არქიტექტურასა და დიზაინში

 

თბილისი (BPI) – არ არსებობს უპირობო დიზაინი – ეს დიზაინის სამყაროს დაუწერელი კანონია, მიუხედავად იმ შემოქმედებითი თავისუფლებისა, რომლის გარეშეც წარმატება ამ პროფესიაში შეუძლებელია. დიზაინერის მთავარი ძალა მის ინდივიდუალურობასა და საკუთარ სტილში არის გამოვლენილი, მიუხედავად ამისა არის წესები, რომელიც თავისდა უნებურად გარკვეულ, მინიმალურ, მაგრამ მაინც შეზღუდულ მიმართულებას აძლევს მის მიერ თავისუფალი ხედვის გამოვლენას. ამ ე.წ. „შეზღუდვებით“ იქმნებოდა ეპოქები, რომლებმაც თავისი სახელი დატოვეს ისტორიაში (ბაროკო, კლასიკა, როკოკო, რენესანსი, რომაული, კონტამპოღენი…) და სწორედ მისი გათვალისწინებით ხდება მომავლის ტენდენციების განსაზღვრაც.

ინტერიერის არქტირეტურულ-დეკორაციული მიმართულებით 2016 წლის ტენდენციას თანამედროვე და ტრადიციული სტილის მსუბუქი ნაზავი წარმოადგენდა – ნატურალური ტონები, გეომეტრიული დეკორაციებით. ამ მხრივ არც 2017 წელი ჩამორჩება, თუმცა უფრო მეტი აქტუალურობა ამ წელს ისეთ ნატურალურ კომპონენტებს ენიჭება, როგორიც არის ქვა, ხე, ბამბუკი, ხავერდი… გარკვეულწილად გამოიყენება დაუმუშავებლობის ეფექტი და მაქსიმალური სისადავე.

უფრო დაწვრილებით ინტერიერის დიზაინის 2017 წლის ტენდენციებსა და საკუთარ შემოქმედებაზე „თბილისი ბიზნეს ჰაბის“ არქიტექტორ-დიზაინერი მარიამ კამკამიძე გვესაუბრება.

– მოდი დავიწყოთ 2017 წლის მოდური ტენდენციებით. რა სიახლეებია ამ მხრივ ინტერიერის არქიტექტურასა და დიზაინში?

დავიწყოთ იქიდან, რომ მზე აუცილებელი ელემენტია ადამიანისთვის, რომელიც ერთიორად აძლიერებს კომფორტისა და ბედნიერების შეგრძნებას. ამიტომ მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ინტერიერის დიზაინში. ამ მხრივ გამონაკლისს არც 2017 წელი წარმოადგენს – დიდი ფანჯრებისაიდანაც მზე შიგნით თავისუფლად შემოაღწევს 2017 წლისერთერთი ტენდენციამაქსიმალურად მიეცით მზეს საშუალება გაავსოს თქვენი სახლი დათბილი და მყუდრო გარემო არ მოგაკლდებათ

ამავე დროს წლევანდელი წლისთვისდამახასიათებელია მკაცრიმამაკაცური ელემენტებიმაგალითად როგორიცაა თუნდაც რკინა, მინა,  შავი ზღუდეებით შემოსაზღვრული ვიტრინებიგეომეტრიული დეტალები და სხვა.

აქვე მინდა გითხრათრომ „თბილისი ბიზნეს აბის“ ოფისი სადაც ეხლა ვიმყოფებითჩემიბოლო ნამუშევარია და მთლიანად ჯდება 

2017 წლის ტენდენციებში - მკაცრიმაგრამმაქსიმალურად სადა სტილისადაც ფერები ოფისის დანიშნულებას უსვამს ხაზს და მის

მიმართადამიანების ნდობას აძლიერებს. ამ პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. ხოლო ის დამოკიდებულება, რომელიც აქ მომუშავე ადამიანებს გააჩნიათ თავიანთი საქმიანობის მიმართ, სპეციალურად შერჩეულ დეკორაციებსა და ცოცხალ სიმწვანეში გამოიხატება, რაც ერთიანი დიზაინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ თითოეული დეტალი წინასწარ არის გააზრებული და შერჩეული.

ისევ 2017 წლის ზოგად ტენდენციებს რომ დავუბრუნდეთ, ამ მხრივ აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. მოდერნისტულ დიზაინში მრავლად გაჩნდა იაპონური სტილის ელემენტებიც, რომელიც კარგად ერგება თანამედროვე ადამიანის გემოვნებას.

საერთოდ წელს ძალიან აქტუალურია ნატურალური მასალა – ქვა, ხე, თიხა, ბამბუკი… თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მარმარილოს ტრიუმფით დაბრუნება ინტერიერის დიზაინის სამყაროში. ზოგადად მარმარილო ისეთი უკვდავი ფაქტურაა, რომელიც არასდროს არ ტოვებს არქიტექტურას და არ გადის მოდიდან. თუმცა პერიოდულად ხდება მისი ჩანაცვლების მცდელობა სხვა მასალისგან, მაგრამ დრო და დრო ისევ მთელი ძალით იფეთქებს ხოლმე მისი ხიბლი და თავის სიტყვას ამბობს ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში.

წლევანდელი ტენდენციით მარმარილოს გამოყენება ყველგან არის დასაშვები, როგორც მისაღებ ოთახებში, ჰოლებში, ასევე სამზარეულოსა და აბაზანაბეში. ერთნაირად მისაღებია როგორც კლასიკური ასევე თანამედროვე მიმართულებებისთვის და თავისებურ, განსაკუთრებულ ამინდს ქმნის დიზაინში.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი განწყობით შეგვიძლია კედელზე მეტლახის ფილები მარმარილოთი ჩავანაცვლოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი განლაგების სწორად შერჩევას, იმისთვის რომ მოცემული სივრცე „სარკოფაგს“ არ დავამსგავსოთ.

ასევე ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს თითონ მარმარილოს ფაქტურის არჩევის დროს. წელს ზოგადად ნებისმიერ ნატურალურ მასალაში დაუმუშავებლობის ეფექტი მეტად ტენდენციურია, ასევეა მარმარილოს შემთხვევაშიც. ბუნებრივი ხაზებითა და ორნამენტული ლაქებით დაფარული მარმარილოს ზედაპირი კიდევ უფრო დაამშვენებს თქვენს ინტერიერს.

– ცნობილია, ყველა ადამიანს თავისი განსხვავებული გემოვნება გააჩნია. თქვენი საქმიანობა ყველა მათგანის გაზიარებასთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც ამავდროულად უნდა შეინარჩუნოთ თქვენი საკუთარი სტილიც. როგორ ახერხებთ ამას?

– რა თქმა უნდა ყველა ჩვენთაგანს გააჩნია სივრცის თავისებური ხედვა, იმისთვის რომ თავი მეტად მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს. არიან ადამიანები, რომლებსაც ჩამოყალიბებული მიდგომა აქვთ მოდურ ტენდენციებთან და ზუსტად იციან რა უნდათ, თუმცა მუშობის პერიოდში ხშირად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებიც თითონაც ძიების პროცესში არიან და ბოლომდე ვერ გარკვეულან რას ელიან ჩვენგან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მუშაობის პროცესი უფრო რთულია, თუმცა გაცილებით საინტერესო. ამ დროს დიზაინერიც კლიენტთან ერთად ახალ აღმოჩენებს აკეთებს და მისი შემოქმედება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი თვალსა და ხელს შუა ვითარდება.

პარიზის ხელოვნების აკადემიაში ამ მხრივ განსაკუთრებული მიდგომა გააჩნიათ, სადაც დიდი დრო აქვს დათმობილი დამკვეთის ფსიქოლოგიის შესწავლას. მიაჩნიათ რომ დიზაინერის პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის, ბოლომდე ამოიცნოს კლიენტის სურვილი და ჰარმონიულობა შესძინოს მას. სწორედ იქ მასწავლეს მეთოდები, რომლის საშუალებითაც ვადგენ, თუ რა სურს ადამიანს რომელმაც გადაწყვიტა ჩემი შესაძლებლობებით ესარგებლა. ამ დროს ყველაფერზე ვესაუბრები მას, გარდა არქიტექტურისა, ვსვამ ისეთ კითხვებს, რომელსაც თითქოს საერთო არაფერი აქვს ჩემს პროფესიასთან და საბოლოოდ ზუსტად ვიცი რას ელიან ჩემგან.

შემდეგ უკვე ვახდენ მათი გემოვნების თანამედროვე ტენდენციებთან მორგებას, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოოდ ერთ მთლიან ჩარჩოში ვკრავ, რასაც ჩემი საკუთარი ხელწერა ჰქვია. შეიძლება წარმოსადგენად ეს რთული იყოს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემი პროფესია – ყველას მისი გემოვნების შესაფერისი ინდივიდუალური დიზაინი შევუქმნა და თან ამავე დროს შევინარჩუნო ჩემი სტილი და მახასიათებლები.

გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩემს ნამუშევრებში, სადაც არ უნდა გავაკეთი ის, აუცილებლად იგრძნობა ფრანგული სკოლის გავლენა, ალბათ იმიტომ რომ მე თითონ ამ სკოლის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. თუმცა როდესაც საფრანგეთში ვმუშაობდი იქ, ალბათ ისევე როგორც ემიგრანტების უმრავლესობა, პატრიოტიზმის უფრო მეტ შემოტევას განვიცდიდი და აქედან გამომდინარე ხშირად ფრანგი დამკვეთების პირად სივრცეში ქართული ელემენტები შემქონდა. მაგალითად, როდესაც ინტერიერის ხით დამუშავებას ვახდენდით, უფრო ხშირად   შალეების შემთხვევაში, ქართული ჩუქურთმების დეტალებს ვიყენებდი, რაც ფრანგ კლიენტებში დიდი მოწონებით სარგებლობდა.

– თქვენ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გაქვთ ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობის, ამჟამად მუშაობთ საქართველოში. რა განსხვავევებაა ქართველ და ფრანგ კლიენტებს შორის, რა არის მათთვის დამახასიათებელი?

– პირველ რიგში ვიტყვი იმას, თუ რა აქვთ საერთო. ყველა ერთნაირად პრეტენზიულია და მაქსიმუმს ითხოვენ შენგან, თუნდაც შეუძლებელს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რაც შეეხება რეალობას, ვერ ვიტყვი რომ დამკვეთის მოთხოვნები ძალიან განსხვავებულია საფრანგეთსა და საქართველოს შორის. იყო დრო, როდესაც საქართველოში აზიური სტილი დომინირებდა, მას რაღაც პერიოდი მკაცრი ინგლისური მიმდინარეობა ჩაენაცვლა და ა.შ. თუმცა დღეს თანამედროვე ადამიანის გემოვნება, ყველა არსებულის ფაქიზ და ჰარმონიულ ნაზავს მიესადაგება, ფრანგია ის თუ ქართველი. მით უმეტეს საქართველო ალბათ რაღაცნაირად ამ კუთხითაც განიცდის ასე გავრცელებულ ე.წ. ევროინტეგრაციას. იქაც და აქაც ძირითადი აქცენტი შერეულ სტილზე კეთდება, სადაც სხვადასხვა მიმდინარეობიდან ამოკრეფილი ჩემთვის და კლიენტისთვის ერთნაირად მისაღები დეტალები დომინირებს.

თავიდან ის რაც ყველაზე მეტად მაკლდა საქართველოში თითონ მუშაობის პროცესს შეეხებოდა. ფრანგი კლიენტების უმრავლესობა სარგებლობდა „ხელში გასაღების პრინციპით“, საქმე ეხებოდა ინტერიერის უბრალოდ განახლებას თუ სამუშაოს „შავი კარკასიდან“ დაწყებას. პირველ რიგში ვახდენდით იბიექტის შესწავლას, შემდეგ გავდიოდით ყველა საჭირო და სავალდებულო ეტაპს, ვქმნიდით პროექტს 3D ვიზუალიზაციის ფორმატში და კლიენტისგან მისი მოწონების შემთხვევაში, მას უკვე ვატყობინებდით თარიღს როდის უნდა მოსულიყო დასრულებული სამუშაოს ჩასაბარებლად. არ ხდებოდა მუშაობის დროს უკვე შეთანხმებული დიზაინის მილიონჯერ გადაკეთება. შესაძლებელია ამას აადვილებდა ისიც, რომ ფრანგი დამკვეთები მუდმივად განიცდიდნენ დროის სიმცირეს, თუმცა უფრო მეტად ეს მათი მხრიდან  პროფესიონალების მიმართ ძალიან დიდი ნდობის შედეგს წარმოადგენდა.  მათ მიაჩნდათ, რომ ზედმეტი ჩარევით დროსაც ტყუილად კარგავდნენ და სამუშაო პროცესსაც საგრძნობლად ართულებდნენ.

თუმცა ამ მხრივ ეტაპობრივად საქართველოშიც იცვლება სიტუაცია. აქაც გაუჩნდათ პროფესიონალი დიზაინერების მიმართ მაღალი ნდობა და სახლის მშენებლობა თუ რემონტი მათთვის დამღლელი პროცედურიდან სასიამოვნო სიახლედ იქცა. სერვისი „ხელში გასაღების პრინციპი“ უკვე ქართველი დამკვეთებისთვისაც მისაღებია და საბოლოოდ ისინი ყოველთვის კმაყოფილნი რჩებიან იმ დიდი ნდობის გამო, რომელიც გამომიცხადეს  მათი ფართის დიზაინის შექმნისას.

არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც საფრანგეთში მუშაობისას განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. ავეჯი, რომელიც შენობის დეკორისთვის გამოიყენებოდა, უფრო ხშირად უშუალოდ აღნიშნული პროექტისთვის იქმნებოდა. აქ თავისუფალი შემოქმედების მაქსიმალური შესაძლებლობა ვლინდება. დიზაინერი, ყოველ შემთხვევაში პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვარ როდესაც საშუალება მეძლევა ნებისმიერი დეტალი, მათ შორის ისეთი წვრილმანიც კი, როგორიცაა მაგალითად  სკამის სახელური, ან მაგიდის ფეხი საერთო სურათს შევუსაბამო და შედეგად ერთი მთლიანობა მივიღო დიზაინის თვალსაზრისით. კლიენტი კი თავის მხრივ კმაყოფილია, რომ გარემო სადაც მას უწევს ყოველდღიურობის გატარება, მხოლოდ მისთვის არის შექმნილი.

– მიუხედავად ამისა, ალბათ გარკვეულ სირთულეებს მაინც წააწყდით საქართველოში?

– ერთადერთი სირთულე რაც საქართველოში მუშაობისას შემექმნა არის ის, რომ ძალიან გამიჭირდა პროფესიონალი ადამიანების ჯგუფის პოვნა, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად შეძლებდნენ უშუალოდ იმის რეალობაში გადატანას, რასაც მე დიზაინით ვქმნი. თუმცა უკვე შევძელი შემეკრიბა ასეთი ადამიანები და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც დიზაინერი ამ მხრივაც გამართული ვარ. მყავს გუნდი, რომელიც ნებისმიერი ჩემი იდეის განხორციელებას შეძლებს.

თავიდან პრობლემა იყო საქართველოში ყველა იმ მასალის პოვნაც, რომელიც მჭირდებოდა. ფიზიკურად არ მოიძებნება ყველაფერი ბაზარზე, თუმცა ნელ-ნელა ამ პრობლემასაც ვუმკლავდები. თბილისში ვნახე კომპანიები, რომლებიც მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის მასალის შემოტანა განახორციელონ საქართველოში.

ასე რომ ვფიქრობ, ქართული ბაზარი ამ მხრივაც უთანაბრდება ევროპულ სტანდარტს და საბოლოოდ არც აქ არსებობს ამ მხრივ გადაულახავი პრობლემა.

– თქვენ ახსენეთ, რომ წელს ინტერიერის დიზაინში ტენდენციურია იაპონური ელემენტებიც. მაინც რაში გამოიხატება ეს?

– დიახ, როგორც უკვე ავღნიშნე, წლევანდელი ტენდენციით საკმაოდ აქტუალურია სახლების, ეზოების, აივნებისა თუ ტერასების მოწყობა იაპონურ სტილში. საერთოდ იაპონური სტილი ძალიან ლაკონურია. მისი აღქმა ბევრს უჭირს. მას ძირითადად ის ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ და მიზნისკენ მიზანმიმართულად მიიწევენ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. ყველაზე მთავარი აქ სიმშვიდე და წონასწორობის შენარჩუნებაა. ამ ყველაფერს იაპონელები მინიმალიზმის მეშვეობით ახერხებენ.

სინამდვილეში იაპონური დიზაინის სტილს, რაც ამ ერისთვის დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარეობს, წარმოადგენს სინთეზის შექმნა, ასე ვთქვათ მჭიდრო ურთიერთკავშირი სახლის ინტერიერსა და გარშემო მყოფ ბუნებას შორის. დიზაინის ეს სტილი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ მარტივ უბრალოებას და უბრალოდ არ ირთულებენ ცხოვრებას ზედმეტი წვრილმანების გამო. მათთვის უფრო მისაღებია, რაც უფრო ნაკლები დაბრკოლება და ბარიერი იარსებებს სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. სწორედ ამიტომაც ხდება იაპონურ დიზაინში ბამბუკის, ხის ჭერის და სხვა ეგზოტიკური მასალის ინტენსიური გამოყენება. თუმცა აქაც, ისევე როგორც მარმარილოს შემთხვევაში დიდი სიფაქიზე და პროფესიონალიზმია საჭირო, იმისთვის რომ შევძლოთ მისი ლავირება და არ გაგვეპაროს არც ერთი ზედმეტი დეტალი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ელემენტი ჩემს შემოქმედებაშიც დიდ ადგილს იკავებს. თუ დამკვეთი ამის საშუალებას მაძლევს, ყოველთვის როდესაც ლანდშაფტის დაგემვას ვახდენ, ვითვალისწინებ ინტერიერის ფაქტორს, იმისთვის რომ ყველაფერი ერთ მთლიანობაში ჩაჯდეს და თვალში საცემი არ იყოს ზედმეტი ბარიერები. შეეიძლება ითქვას რომ ასეთ დროს კედელი, რომელიც ინტერიერს და ექსტერიერს ერთმანეთისგან ყოფს, ჩემთვის გამჭვირვალე ფარდის ასოციაციას იწვევს, რომელსაც თუ გადასწევ ერთიანი და მყუდრო სივრცე უნდა მიიღო.

– დღეს დეველოპერული ინდუსტრია განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფაზაშია საქართველოში. მიმდინარეობს უამრავი მშენებლობა. ამ ფონზე რას ურჩევდით ქართველ მომხმარებლებს პროფესიონალის თვალსაზრისით. რას შეიძლება მეტნაკლებად მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ მშენებლობის დაწყებამდე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.

– პირველ რიგში, ვიდრე საბოლოოდ შეიმუშავებდეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს პროექტი, არ დაგავიწყდეთ შეაფასოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ნაკვეთის განლაგება იძლევა – რომელი მიმართულებით იშლება უფრო მეტად მიმზიდველი ხედი, რომლის შენარჩუნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად; განსაზღვროთ მზის მოძრაობა დღის განმავლობაში და ა.შ.

შენობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მთლიანად იყოს გამოყენებული ნაკვეთის ყველა ძლიერი მხარე. თუ ადგილი არ იძლევა მშენებლობისთვის დიდი იმპროვიზაციის საშუალებას, უმჯობესია მისი განლაგება განხორციელდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. ასეთ შემთხვევაში დღის მნიშვნელოვან ნაწილში სინათლე სახლს სამხრეთის მხრიდან მოადგება, ეს კი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ოთახების განლაგების დაგეგმვის დროს და შედეგად ოთახები სადაც ფუნქციური დანიშნულებით მეტი სინათლე გჭირდებათ, კარგად იქნება განათებული მზის ხარჯზე.

გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების თანამედროვე სტილმა ახალი მოთხოვნები წაუყენა ინტერიერის დიზაინს. სივრცე ამ საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნად იქცა. ადრე თუ უპირატესობა ყველა დანიშნულებით არსებულ იზოლირებულ პატარა ფართებს ენიჭებოდა, დღევანდელი ტენდენციით უფრო მნიშვნელოვანია ღია სივრცე, სადაც ოჯახის სრულ შემადგენლობას ექნება საშუალება ერთდროულად დაკავდნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით და პარალელურად ურთიერთკომუნიკაციის თავისუფალი საშუალებაც ჰქონდეთ.

მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს წინასწარ გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ზომები, მათ შორის აივნების და ვიტრაჟების დამონტაჟების დროს. ის რომ მშენებლობის დაწყების პერიოდში სივრცე გათვლილი იყო მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის , არ ნიშნავს იმას, რომ სულ მალე მიდამოს ბავშვების ხალიასიანი ჟრიამული არ შეავსებს და ამრიგად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის უსაფრთხოების ზომების წინასწარ გათვლის აუცილებლობას.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ფერთა ტონალობა, რომელშიც ხდება ინტერიერის გადაწყვეტა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დეტალი, მხოლოდ მისით მოსარგებლეთა გემოვნებას კი არ უნდა შეესაბამებოდეს, არამედ ამავდროულად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს არსებულ გარემოსთან და ერთიან ჰარმონიულ სურათს ქმნიდეს.

და ბოლოს, ბუნებრივია ყველა ადამიანს აქვს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რაც პიროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სჯობს ამ პრინციპზეც ვთქვათ უარი და საქმე გასაკეთებლად უბრალოდ პროფესიონალებს ვანდოთ.

დაბეჭდილია "ბანკები და ფინანსების" მიერ (№498, 13 მარტი)